ხელმისაწვდომობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 1 სექტემბერი
1. ჩვენი ვალდებულება
„ბრაზის მართვის პროგრამა“ („ჩვენ“) მოწოდებულია, უზრუნველყოს ციფრული ხელმისაწვდომობა, თანაბარი შესაძლებლობები, ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ყველა ადამიანის პატივისცემა.
ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ჩვენს საგანმანათლებლო რესურსებსა და ონლაინ სწავლებაზე, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა, ასაკისა, ტექნოლოგიური გამოცდილებისა თუ ინდივიდუალური საჭიროებებისა. ვიაზრებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება იყოს მხედველობითი, სმენითი, ფიზიკური, კოგნიტური, ნევროლოგიური ან სწავლასთან დაკავშირებული და შეიძლება იყოს მუდმივი, დროებითი ან სიტუაციური.
ვიღებთ ვალდებულებას:
– გამოვავლინოთ, ავიცილოთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრათ ხელმისაწვდომობის ბარიერები ჩვენს ვებსაიტზე, კურსებში, მასალებში, რეგისტრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ სერვისებში;
– თითოეული – შესაბამისობის მოთხოვნა განვიხილოთ ინდივიდუალურად და პატივისცემით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
– ხელმისაწვდომობა ჩავრთოთ ჩვენი სერვისების დაგეგმვაში, მუშაობაში, მხარდაჭერასა და სრულყოფაში.
არავინ შეხვდება დისკრიმინაციას ან შურისძიებას ბარიერის შესახებ შეტყობინების, შესაბამისობის მოთხოვნის ან კანონით დაცული ხელმისაწვდომობის უფლების გამოყენების გამო.
2. მოქმედების სფერო და პასუხისმგებლობა
წინამდებარეპოლიტიკა ვრცელდება ჩვენს საჯარო ვებსაიტზე, ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე, კურსის შინაარსსა და ჩამოსატვირთ მასალებზე (მათ შორის სერტიფიკატებზე), ჩვენს რეგისტრაციის, სისტემაში შესვლის, გადახდისა და მხარდაჭერის პროცესებზე, ასევე მათ მისაწოდებლად გამოყენებულ მესამე მხარის ინსტრუმენტებზე.
3. სტანდარტები და ჩარჩოები
ჩვენი მიდგომა ეფუძნება კვებეკის, კანადის და საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებს:
კვებეკი
– ვებსაიტების ხელმისაწვდომობის სტანდარტი (Standard sur l’accessibilité des sites Web, SGQRI 008 3.0)
– ვებ-კონტენტის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო პრინციპები (WCAG) 2.1, AA დონე, კვებეკის სტანდარტით დადგენილი დამატებითი კრიტერიუმებით
– კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ მათი სოციალური, სასკოლო და პროფესიული ინტეგრაციის მიზნით
– კვებეკის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია, მათ შორის თანასწორობის უფლება და გონივრული მისადაგების ვალდებულება
კანადა
– „კანადის ხელმისაწვდომობის აქტი“ და მისი მიზანი – ბარიერების გამოვლენა, აღმოფხვრა და პრევენცია
– კანადის მთავრობის სახელმძღვანელო მითითებები ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ
– CAN/ASC – EN 301 549:2024, ხელმისაწვდომობის მოთხოვნები ICT პროდუქტებისა და სერვისებისთვის
საერთაშორისო
– W3C-ის ვებ-კონტენტის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო პრინციპები (WCAG) 2.2, AA დონე
ჩვენი მიზანია WCAG 2.2-ის AA დონესთან შესაბამისობა და, ამასთან, ჩვენზე მოქმედი კვებეკისა და კანადის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ზოგიერთი სამთავრობო სტანდარტი უშუალოდ მხოლოდ საჯარო სექტორის ან ფედერალურად რეგულირებად ორგანიზაციებზე ვრცელდება. ჩვენ მათ საცნობარო ჩარჩოებად ვიყენებთ. მათზე მითითება არ ნიშნავს სერტიფიცირებას, დამოუკიდებელ გადამოწმებას ან ოფიციალურ მხარდაჭერას.
4. ხელმისაწვდომობის ფუნქციები და მიზნები
ჩვენ ვაპროექტებთ, უზრუნველყოფთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს ვებსაიტსა და სასწავლო გარემოს შემდეგი მიზნების მიხედვით:
კლავიატურით გამოყენება. არსებითი ფუნქციები, მენიუები, ფორმები და სასწავლო აქტივობები შეიძლება მართული იყოს მაუსის გარეშე; ფოკუსის თანმიმდევრობა ლოგიკურია, ფოკუსის ინდიკატორები კარგად ჩანს და კლავიატურის „ხაფანგები“ არ არსებობს.
დამხმარე ტექნოლოგიები. გვერდებს აქვს მნიშვნელოვანი სტრუქტურა, აღწერილი სათაურები და ბმულები, ხელმისაწვდომი მკაფიოდ დასათაურებული ველები და სწორად იდენტიფიცირებული ელემენტები, რათა ისინი თავსებადი იყოს ეკრანის წამკითხველებთან, გამადიდებელ პროგრამებთან, ხმოვანი ამოცნობის პროგრამებთან, ალტერნატიული შეყვანის მოწყობილობებთან, ბრაუზერის მასშტაბირებასა და მობილური ოპერაციული სისტემების ხელმისაწვდომობის ფუნქციებთან. თავსებადობა შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფისა და გამოყენებული დამხმარე ტექნოლოგიის მიხედვით. გთხოვთ, შეგვატყობინოთ პრობლემების შესახებ.
მკაფიო და გასაგები შინაარსი. ვიყენებთ მარტივ ენას, ლოგიკურ ორგანიზებას, აღწერილ სათაურებს და თანმიმდევრულ, ინტუიციურ ნავიგაციას.
ვიზუალური დიზაინი. ვცდილობთ უზრუნველვყოთ საკმარისი ფერთა კონტრასტი, წაკითხვადი შრიფტები და დაშორებები, ტექსტის გადიდებისა და მასშტაბირების მხარდაჭერა, ისეთი ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ფერზე არ არის დამოკიდებული, მკაფიოდ იდენტიფიცირებული ელემენტები და ადაპტირებული განლაგება კომპიუტერებისთვის, პლანშეტებისა და სმარტფონებისთვის.
ფორმები. რეგისტრაციის, სისტემაში შესვლის, პაროლის აღდგენის, საკონტაქტო და გადახდის ფორმებს აქვს მკაფიო ინსტრუქციები, მკაფიოდ დასათაურებული ველები, გასაგები შეცდომის შეტყობინებები და ხელმისაწვდომი ვალიდაცია, რათა შეცდომები ადვილად აღმოჩნდეს და გასწორდეს.
კოგნიტური და სასწავლო ხელმისაწვდომობა. მასალებს ვაწყობთ ლოგიკურად, აქტივობებს ვინარჩუნებთ დაძლევად მოცულობაში, თავს ვარიდებთ ზედმეტ გამფანტველ ელემენტებსა და დამაბნეველ ინტერაქციას და ვითვალისწინებთ ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს, მათ შორის ყურადღების, მეხსიერებისა და სწავლის უნარის დარღვევებს.
ავტორიზაცია და ანგარიშები. ვცდილობთ შემოგთავაზოთ სისტემაში შესვლისა და აღდგენის ხელმისაწვდომი მეთოდები და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კოგნიტური ან ტექნიკური დაბრკოლებები. თუ ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო ვერ შედიხართ თქვენს ანგარიშზე, დაგვიკავშირდით მხარდაჭერის მიღების მიზნით.
5. ჩვენი ონლაინ ბრაზის მართვის პროგრამა
ჩვენი პროგრამა გთავაზობთ სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო შინაარსს, რომელიც მონაწილეებს ეხმარება გაცნობიერებულობის, უნარებისა და პრაქტიკული სტრატეგიების განვითარებაში. ჩვენი ხელმისაწვდომობის მუშაობა მოიცავს მთელ სასწავლო გამოცდილებას: რეგისტრაციასა და ანგარიშზე წვდომას, მოდულებსა და მასალებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, ქვიზებსა და დავალებებს, პროგრესის თვალყურის დევნებასა და დასრულების მოთხოვნებს, ჩამოსატვირთ სერტიფიკატებს და ტექნიკურ მხარდაჭერას.
დასრულების ვადები და გარე მოთხოვნები
ზოგიერთი მონაწილე პროგრამას გადის პირადი, პროფესიული, საგანმანათლებლო, დასაქმებასთან დაკავშირებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნის შესასრულებლად. თუ ბარიერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დასრულების ვადის დაცვაზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება ადრე. თქვენს შემთხვევას, პრიორიტეტულად განვიხილავთ და გავითვალისწინებთ ხელმისაწვდომ მისადაგებებსა და ალტერნატივებს. მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწვდით წერილობით დადასტურებას მისადაგების პროცესის შესახებ, რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ შესაბამის უწყებასთან.
ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ მისადაგებას ან ალტერნატიულ ღონისძიებას მიიღებს სასამართლო, დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება, მარეგულირებელი ან სხვა მესამე მხარე. მონაწილეებმა ვადები და მიღების პირობები უნდა დააზუსტონ შესაბამის უწყებასთან.
6. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება და ალტერნატიული ფორმატები
სტანდარტული ციფრული ფორმატები და პროცედურები შეიძლება ყველას საჭიროებას ვერ პასუხობდეს. ნებისმიერ პირს, ვისაც უჭირს ჩვენს ვებსაიტზე, მასალებზე ან პროგრამაზე წვდომა, შეუძლია მოითხოვოს მისადაგება ან ალტერნატიული ხელმისაწვდომი ფორმატი.
შესაძლო ღონისძიებებია:
– საგანმანათლებლო ინფორმაცია ალტერნატიულ ფორმატში;
– დახმარება რეგისტრაციასა თუ კურსის შესახებ ინფორმაციის მიღებაში;
– ზოგიერთი მასალის განსხვავებული წარდგენა;
– ინსტრუქციების ან მოთხოვნების განმარტება;
– გარკვეული სასწავლო აქტივობების შესრულების წესის მოდიფიცირება;
– ტექნიკური ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოფხვრაში დახმარება.
თითოეულ მოთხოვნას ვაფასებთ ინდივიდუალურად, პატივისცემით და დისკრიმინაციის გარეშე, ბარიერის ხასიათის, თქვენი საჭიროებების, პროგრამის არსებითი მოთხოვნებისა და ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას უზრუნველვყოფთ გაუმართლებელი სიძნელის (undue hardship) ზღვრამდე, ისე, როგორც ეს სტანდარტი დადგენილია კვებეკისა და კანადის კანონმდებლობით. ნებისმიერი მორგება უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის არსებით მოთხოვნებს, მთლიანობასა და დასრულების კანონიერ სტანდარტებს. თუ მოთხოვნილი მისადაგების / მორგების უზრუნველყოფა ვერ შევძელით, განგიმარტავთ მიზეზს და შემოგთავაზებთ შესაბამის და ეფექტიან ალტერნატივას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. ენობრივი ხელმისაწვდომობა
ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა წარმოდგენილია რამდენიმე ენაზე. ხელმისაწვდომი ენები შეიძლება განსხვავდებოდეს ვებსაიტის ზოგიერთი ფუნქციის, ადმინისტრაციული კომუნიკაციის, დამხმარე მასალებისა და მესამე მხარის სერვისების შემთხვევებში; ხელმისაწვდომ ვარიანტებს მკაფიოდ წარმოგიდგენთ. ენობრივი ვარიანტები არ ცვლის მისადაგებას / მორგებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თუ დახმარება გჭირდებათ ამ პოლიტიკის ან ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის გასაგებად, დაგვიკავშირდით ხელმისაწვდომი ენობრივი მხარდაჭერის შესახებ.
8. ტესტირება და შესაბამისობის შეფასება
ვებსაიტის ხელმისაწვდომობის შემოწმება ინტეგრირებულია მის მოვლა-პატრონობის, შინაარსის განახლებისა და ძირითადი სერვისების ცვლილების პროცესებში. ხელმისაწვდომობის შეფასების მიზნით ვიყენებთ შემდეგ მეთოდებს: ავტომატიზებული ტესტირების ინსტრუმენტებს; კლავიატურის გამოყენებით ხელით ტესტირებას; ეკრანის წამკითხველი პროგრამების საშუალებით შემოწმებას; მობილურ მოწყობილობებსა და სხვადასხვა ეკრანის ზომაზე ვებსაიტის ადაპტირებული განლაგების შეფასებას; ფერთა კონტრასტისა და ტექსტის წაკითხვადობის შემოწმებას; ფორმების, ავტორიზაციის პროცესებისა და ინტერაქტიული სასწავლო კომპონენტების ხელმისაწვდომობის შეფასებას; მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული და მოწოდებული პრობლემების განხილვასა და ანალიზს.
9. მესამე მხარის პლატფორმები და გარე შინაარსი
ზოგიერთი ფუნქცია დამოკიდებულია მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ჰოსტინგზე, გადახდის სერვისებზე, მულტიმედიურ პლატფორმებზე ან სხვა გარე ტექნოლოგიებზე. ამ სერვისების არჩევისა და გაგრძელებისას ვითვალისწინებთ ხელმისაწვდომობას, თუმცა მათ ყველა ფუნქციას ვერ ვაკონტროლებთ. თუ მესამე მხარის მიერ შექმნილი ბარიერი ხელს უშლის არსებით სერვისზე წვდომას, ჩვენ შევისწავლით აღნიშნულ საკითხს, საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდებით შესაბამის პროვაიდერს და შემოგთავაზებთ ინფორმაციის მიღების ან სერვისით სარგებლობის ალტერნატიულ გზას.
10. ცნობილი შეზღუდვები და გაუმჯობესების პრიორიტეტები
ვებსაიტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უწყვეტი პროცესია. შესაძლოა, ვებსაიტის ზოგიერთი კომპონენტი, სასწავლო რესურსი, მულტიმედიური მასალა ან მესამე მხარის მიერ მოწოდებული ფუნქცია ჯერ კიდევ სრულად არ აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომობის ყველა დადგენილ მოთხოვნას.
გაუმჯობესების პროცესში პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ბარიერების გამოვლენასა და აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ან ზღუდავს წვდომას შემდეგ სერვისებსა და რესურსებზე: პროგრამის შესახებ არსებით ინფორმაციაზე; რეგისტრაციის, სისტემაში შესვლისა და გადახდის ფუნქციებზე; სასწავლო მოდულებსა და კურსის მასალებზე; სავალდებულო სასწავლო აქტივობებზე; სერტიფიკატებსა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე; ჩვენთან კომუნიკაციის არხებზე.
11. უკუკავშირი, მოთხოვნები და მხარდაჭერა
მივესალმებით მონაწილეების, ვებსაიტის ვიზიტორებისა და დამხმარე ტექნოლოგიების მომხმარებლების უკუკავშირს, შეკითხვებსა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მოთხოვნებს. დასაკავშირებლად გთხოვთ, გამოიყენოთ მითითებული საკონტაქტო იფნორმაცია:
ელფოსტა: info@anger-management.ca
თემა: Accessibility Assistance Request
მოთხოვნის დროული და ეფექტიანი განხილვის მიზნით, სასურველია, წერილში მიუთითოთ:
– ვებსაიტის გვერდი, კურსის კომპონენტი ან სერვისი, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა პრობლემა;
– რა სახის სირთულეს წააწყდით;
– რა სახის დახმარებას ან მისადაგებას საჭიროებთ;
– არსებობს თუ არა მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული ვადა ან გადაუდებელი საჭიროება.
თქვენი მოწყობილობის, ბრაუზერის ან გამოყენებული დამხმარე ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მითითება დაგვეხმარება საკითხის უკეთ შესწავლაში, თუმცა ასეთი ინფორმაციის მოწოდება სავალდებულო არ არის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ შეტყობინებისას სამედიცინო დიაგნოზის ან სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება არ მოგეთხოვებათ.
ჩვენი სერვისის ვალდებულებები
– თქვენს შეტყობინებას დავადასტურებთ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
– არსებით პასუხს ან გეგმას, მათ შორის შემდგომ ნაბიჯებსა და ალტერნატივებს, გაცნობებთ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
– მოთხოვნებს, რომლებიც ეხება კურსის არსებით ფუნქციებზე წვდომას ან დასრულების ვადას, განვიხილავთ პირველ რიგში.
– თუ პრობლემა დაუყოვნებლივ ვერ მოგვარდა, მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას და შემოგთავაზებთ დროებით ალტერნატივებს.
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი საკითხი სათანადოდ არ განიხილეს, უპასუხეთ იმავე ელფოსტას და მოითხოვეთ მისი დამატებითი გადახედვა.
12. სხვა სამართლებრივი გზები
შეგიძლიათ, დისკრიმინაციის, გონივრული მისადაგებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ასევე მიმართოთ შემდეგ ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, მანამდე ჩვენთან გქონდათ თუ არა კომუნიკაცია:
– ადამიანის უფლებათა და ახალგაზრდობის უფლებათა კომისია (CDPDJ)
– კვებეკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოფისი (OPHQ)
– კვებეკის ინფორმაციაზე წვდომის კომისია (CAI)
ჩვენთან წინასწარი დაკავშირება სავალდებულო არ არის. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართვის გამო თქვენ მიმართ არ განხორციელდება რაიმე სახის საპასუხო უარყოფითი ქმედება ან დისკრიმინაციული მოპყრობა.
13. კონფიდენციალურობა და საიდუმლოება
ხელმისაწვდომობის მოთხოვნისას თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თავად გადაწყვეტთ, მუშავდება კანონის „კერძო სექტორში პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ“ შესაბამისად, რომელიც შესწორებულია კანონით 25 (Law 25), და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის საფუძველზე. ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც გონივრულად აუცილებელია თქვენი მოთხოვნის გასაგებად და მასზე რეაგირებისთვის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სენსიტიურად მიიჩნევა და გროვდება და გამოიყენება მხოლოდ თქვენი თანხმობით, მოთხოვნის მიზნისთვის. წვდომა აქვთ მხოლოდ მათ, ვისაც ეს ამ მიზნისთვის სჭირდება და ვინც ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და უსაფრთხოების ზომები. გირჩევთ, გააზიაროთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელია თქვენი საჭიროებების გასაგებად.
14. გადახედვა და განახლებები
წინამდებარე პოლიტიკას პერიოდულად გადავხედავთ ვებსაიტის, სასწავლო პლატფორმის ან ჩვენი სერვისების ცვლილების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობისა და აღიარებული სტანდარტების განახლების შემთხვევაში.
პოლიტიკის გადახედვისას მხედველობაში მივიღებთ მიღებულ უკუკავშირს, გამოვლენილ ბარიერებსა და ძირითად ფუნქციებში განხორციელებულ ცვლილებებს.
ახალი ციფრული ფუნქციების, შინაარსისა თუ მესამე მხარის სერვისების დანერგვისას ხელმისაწვდომობის საკითხები გათვალისწინებული იქნება მათი დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
პოლიტიკის ბოლო განახლების თარიღი მითითებულია ამ გვერდის დასაწყისში.
15. ენა
წინამდებარე ხელმისაწვდომობის პოლიტიკა გამოქვეყნებულია ფრანგულ ენაზე, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტის ოფიციალურ ვერსიას. სხვა ენებზე შესრულებული თარგმანები მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით.
ფრანგულ და თარგმნილ ვერსიებს შორის შეუსაბამობის, განსხვავების ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესი და სავალდებულო იქნება ფრანგული ვერსია, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საწინააღმდეგო შემთხვევებისა.